დავიწყოთ იმით, რომ ესპანური მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ენაა.
დიახ, დიახ, არ გაგიკვირდეთ – არაერთი კვლევის შედეგად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენებს შორის ესპანურ ენაში ყველაზე მეტი რაოდენობით არის პოზიტიური სიტყვა.
ჰოდა, თუკი ფრანგული სიყვარულის ენაა, ესპანურს თამამად უწოდებენ ბედნიერების ენას!
ესპანური ყველაზე პოზიტიური და ლამაზი ენაა, ალბათ სწორედ ამიტომ არის იმ ენების სიაში რომლის სწავლაც სხვა ენებთან შედარებით მარტივია. ამასთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით, 480 მილიონი ადამიანისთვის, ესპანური მშობლიური ენაა, რაც უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ ენის დაუფლებაზე იფიქროთ. სტატიიდან შეითყვეთ უფრო მეტი თუ რატომ უნდა ისწავლოთ ესპანური ენა.
რატომ არის ესპანური ყველაზე პოზიტიური ენა?
ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა, გააანალიზა რა სხვადასხვა ენაზე დაწერილი ტექსტები, დაადგინა, რომ მსოფლიოს ენების უმეტესობისთვის დამახასიათებელია სტაბილური ტენდენცია, რაც შეიძლება ხშირად და უფრო მეტი პოზიტიური სიტყვა ჰქონდეს ლექსიკაში. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოზიტიურია ესპანური ენა. პოზიტიური ენების პირველ სამეულში ესპანურის გვერდით მოხვდნენ პორტუგალიური და ინგლისური ენები.
ზემოთ აღნიშნული კვლევის ავტორებმა გამოავლინეს, დაახლოებით, 10 ათასი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული 10 ენიდან – მათ შორის იყო: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, ბრაზილიური, პორტუგალიური, კორეული, ჩინური, რუსული, ინდონეზიური და არაბული ენები. კვლევაში მონაწილე ადამიანებს შესთავაზეს, სიტყვები შეფასებინათ 9-ქულიანი სისტემით, შეფასების კრიტერიუმი კი ძალიან მარტივი გახლდათ – წარბების შეკვრა მაშინ, როცა ნეგატივს გრძნობდნენ და გაღიმება პოზიტივის დროს.
ესპანურ ენაში ყველაზე პოზიტიური სიტყვა აღმოჩნდა «amor» (სიყვარული). სიყვარული კი სხვა რა არის, თუ არა, უპირველესად, ბედნიერების შეგრძნება!
ასე რომ, ესპანური ენის კურსის შემსწავლელებს მოუწევთ, უშუალოდ თავად იგრძნონ, თუ რატომ აქვს ადამიანის გაბედნიერების უნარი მაინცდამაინც ესპანურ ენას.
საინტერესო ფაქტები ესპანურ ენაზე
- ესპანური ენა – ეს ახალი ჰორიზონტია, რადგან ესპანური, ინგლისურის კვალდაკვალ, მეორე ენაა საერთაშორისო კონტაქტებისთვის;
- ესპანური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) და ევროპული საბჭოს ოფიციალური ენაა!
- მთელს მსოფლიოში გავრცელების მიხედვით, პირველ სამეულშია!
570 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ესპანურ ენაზე, 480 მილიონისთვის კი ის მშობლიური ენაა. ამას ემატება უამრავი ადამიანი, ვინც ახლა დაიწყო სწავლა! - პერსპექტიულია! ეს არის გასაღები წარმატებული კარიერისთვის ბიზნესში! ესპანური ენა გამოგადგებათ როგორც ესპანეთში, ასევე ლათინურ ამერიკაში!
- ესპანეთი დიდი კულტურაა – შეუდარებელი სერვანტესი, სალვადორ დალი, პედრი ალმადოვარი…
- ესპანური ენა მოდის ენაც არის! ლამის საუკუნეა, მსოფლიო პოდიუმებიდან კარნახობენ სტილსა და ტენდენციებს ისეთი ცნობილი დიზაინერების მოდის სახლები, როგორებიც არიან პაკო რაბანი, კრისტობალ ბალენსიაგა, მანოლო ბლანიკი – და ყველა მათგანი წარმოშობით ესპანელია!
- ეს ინოვაციებისა და აღმოჩენების ენაა. იცოდით, რომ კალკულატორი და ჩუპა-ჩუპსი ესპანელების მოგონილია?!
ესპანური ყველაზე სწრაფი ენაა მსოფლიოში:
როდესაც ჩვენთვის უცხო ენაზე გვესმის ლაპარაკი, გვიჩნდება შეგრძნება, თითქოს წუთში მილიონ სიტყვას წარმოთქვამენ. აი, ესპანურ ენას კი განსაკუთრებით შეეფერება ამის თქმა.
ენის „სიჩქარის“ გაზომვა 1998 წელს ლინგვისტმა პიტერ როუჩმა გადაწყვიტა. სწორედ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კვლევის პროცესში შესწავლილ ენებს შორის ესპანური ენა (castellano) და იაპონური ენა ყველაზე სწრაფი ენებია.
კიდევ ერთმა ლინგვისტმა, ლიონის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანსუა პელეგრინომ (François Pellegrino) გააანალიზა 59 ადამიანის მიერ ხმამაღლა წაკითხული ერთი და იგივე ტექსტი რვა ენაზე: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ვიეტნამურ და იაპონური ენებზე. და ამ კვლევის დროსაც ესპანელები და იაპონელები ყველაზე „სწრაფები“ აღმოჩნდნენ, რადგან წამში, დანარჩენებთან შედარებით, მარცვლების ყველაზე მეტ რაოდენობას წარმოთქვამენ. მაგალითად, ესპანელი წამში თითქმის 8 მარცვალს წარმოთქვამს, მაშინ როცა ინგლისელი იტყვის, მაქსიმუმ, ექვსს.
დაბოლოს – ბონუსი:
ესპანური ენა (castellano, español) შედის რომანული ენების ოჯახში, რომელსაც ასევე ეკუთვნის: ფრანგული ენა, იტალიური ენა, პორტუგალიური ენა და რუმინული ენა. მათ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს, ბევრი საერთო აქვთ.
ასე რომ, ამ 5 ენიდან ერთ-ერთის ცოდნა კარგი საფუძველია იმისთვის, რომ დანარჩენი ენებიც უმარტივესად შეისწავლოთ.