ახლო აღმოსავლეთს ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ამიტომ არაბული ენის სწავლა მომგებიანი და პერსპექტიული საქმეა. არაბულენოვანი ქვეყნები, მათი სწრაფად მზარდი მოსახლეობითა და ეკონომიკით, უდიდესი და საინტერესო ბაზარია ვაჭრობისა და ბიზნესისთვის; ხოლო იმისთვის, რომ ბიზნესი ეფექტური იყოს, აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ ხალხის ენა და კულტურა, ვისთანაც მოლაპარაკებებს გეგმავთ;
თუკი გადაწყვეტილი გაქვთ არაბული ენის კურსი გაიაროთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაიაზრეთ, რა დიდი პერსპექტივა აქვს ამ ენას და რა ძვირად ფასობს არაბული ენის სპეციალისტი მთელს მსოფლიოში; ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ არაბული ძალიან ლამაზი ენაა და როცა არაბულად ევროპელი საუბრობს, ეს კიდევ უფრო ეფექტურად ჟღერს.
თუმცა, მოდით, თავი მოვუყაროთ იმ მთავარ მიზეზებს, რომლებიც აჩვენებს, რომ არაბულის სწავლა კარგი არჩევანია:
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ არაბული ენა:
1) არაბული ენა გავრცელების მხრივ მსოფლიოში ენების ხუთეულში არის.
არაბული 25 ქვეყნის ოფიციალური ენაა, რომლებშიც 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. არაბულენოვანი მოსახლეობა, ძირითადად, ახალ აღმოსავლეთშია თავმოყრილი, თუმცა მათი წარმომადგენები მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ. არაბული ოფიციალური ენაა შემდეგ ქვეყნებში: ალჟირი, ბაჰრეინი, ჯიბუტი, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა (ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთი აფრიკაში), იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, კომორის კუნძულები (აღმ. აფრიკა), კუვეიტი, ლიბანი, ლიბია, მავრიტანია, მაროკო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პალესტინის ავტონომია, საუდის არაბეთი, სირია, სომალი, სუდანი, ტუნისი, ჩადი, ერიტრეა (ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა);
2) არაბული მრავალი საერთაშორიო ორგანიზაციის ოფიციალური ენაა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არაბული ქვეყნების ლიგა (22 არაბულ ქვეყანას და პარტნიორ სახელმწიფოებს აერთიანებს), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (შედგება 57 წევრი ქვეყნისგან) და აფრიკის კავშირი (აფრიკის 54 სახელმწიფოს აერთიანებს);
3) არაბულ ენაზე მილიარდზე მეტი მუსლიმი საუბრობს.
არაბული ენა ისლამური ღვთისმსახურების ენაა და მსოფლიოს არაარაბულენოვანი მუსლიმები კარგად იცნობენ არაბულს, როგორც ყურანის ენას; მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი კი ამჟამად მილიარდს აღემატება;
4) დასავლეთ სამყაროში არაბული ენის მცოდნე ადამიანების დეფიციტია.
ეს დეფიციტი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა ახლო აღმოსავლეთთან საერთაშორისო ურთიერთობების ზრდის ფონზე; სხვათა შორის, ბოლო დროს, მაგალითად, შვედეთში არაბულის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა და არაბულმა ენამ, პოპულარობის მხრივ, მეორე ადგილზე ფინური ჩაანაცვლა;
5) არაბული ენის ცოდნა კარიერული წარმატებისთვის.
მაგალითად, ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, დიპლომატიურ სამსახურში და სხვ. არაბული ენის სწავლა უფრო ფართოდ გაგიღებთ კარს, თუნდაც, დუბაის ოფისებში. არცთუ ბევრი ევროპელი ფოლობს ამ ენას, ამიტომ არაბულის ცოდნით თქვენ გახდებით ფასდაუდებელი სპეციალისტი, დიდი კონკურენტული უპირატესობით, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს იქნება თქვენი კოზირი არა მხოლოდ არაბულენოვან ქვეყნებში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც;
6) არაბულენოვანი სამყაროს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია.
მეცნიერება, ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა… ალბათ, წაკითხულ გაქვთ „1001 ღამე“ – მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მარგალიტი. და კიდევ: არაბული საოცრად პოეტური ენაა – მარტო „სიყვარულის“ გამოსახატად არაბულში 11 სიტყვა არსებობს!
7) არაბული ლექსიკის კვალი მსოფლიოს მრავალ ენაშია დარჩენილი:
ინგლისურში, თურქულში, ესპანურში, რუსულში…. და ამ ენებს შორის არის ქართული ენაც. არაბულიდან შემოსული და ქართულ ლექსიკაში დამკვიდრებული სიტყვებია (სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით), მაგალითად: ბარაქა, ბარათი, ალგებრა, ტარიფი, თაღლითი, სევდა, შუღლი, ღალატი, ღარიბი, შეღავათი, არაყი, ბასრი, ბუხარი, ავზი, ამაყი, ვაზნა და კიდევ ბევრი სხვა.
არაბებს უდიდესი წვლილი აქვთ მსოფლიოს ცივილიზაციაში. მეცნიერება, სამხედრო ტექნიკა, სააფთიაქო საქმე, ციფრები, საათი, კომპასი, ყოფა-ცხოვრების ბევრი ელემენტი, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ცივილიზაციის არსებობა და რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის განვითარებაზეც, არაბებს უკავშირდება; და კიდევ – სხვათა შორის, სწორედ არაბებმა შეიტანეს და დაამკვიდრეს ევროპაში ყავის სმის კულტურა;
არაბები სტუმართმოყვარე ხალხია და, ამასთანავე, ძალიან უყვართ თავიანტი ენა. ჰოდა, თუკი მათთან კომუნიკაციისას მათ მშობლიურ ენაზე დაელაპარაკებით – რამოდენიმე სიტყვას მაინც ეტყვით, ისინი ამას პატივისცემად მიიღებენ, დიდად დააფასებენ და ყველა შესაძლო გზით ეცდებიან თქვენს დახმარებას;